როგორ შევაგროვოთ ფული? | Rico Credit Skip to main content

ბლოგი

საფინანსო

როგორ შევაგროვოთ ფული?

...

როგორც წესი, ფულის შეგროვებისას ძალიან ბევრ დაბრკოლებას ვაწყდებით. არ აქვს მნიშვნელობა რისთვის, ან რა ოდენობის თანხის შეგროვებას ვაპირებთ, ნებისმიერ შემთხვევაში გამოჩნდება გაუთვალისწინებელი შემთხვევა და უეცარი ხარჯი, რომელსაც ჩვენი დანაზოგი ეწირება. შეიძლება ფული ისე შემოგვეხარჯოს, რომ ვერც კი შევამჩნიოთ, შემდეგ კი ყველაფერის თავიდან დაწყება გვიწევს. თუმცა გონიერი სტრატეგიით ამ პრობლემების თავიდან აცილება არც ისე რთულია. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სწორედ იმ რჩევებს, რომლებიც ცდუნებების დაძლევაში და სასურველი თანხის შეგროვებაში დაგეხმარებათ.

#1 დაისახეთ კონკრეტული მიზანი

ფულის შესაგროვებლად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კონკრეტული მიზნის ქონაა. პირველ რიგში, გადაწყვიტეთ, თუ რისთვის აგროვებთ ფულს, ასევე განსაზღვრეთ სამიზნე თანხის ოდენობა. კონკრეტული მიზანი დაგეხმარებათ კონცენტრაციისა და  მოტივაციის ამაღლებაში, თან ზუსტად განსაზღვრავთ ფულის შესაგროვებელ დროს და უფრო ეფექტურად განკარგავთ თქვენს ფინანსებს.

#2 აკონტროლეთ დანახარჯები

ფულის დაზოგვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი დანახარჯების კონტროლია. იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, თუ რამდენს ვხარჯავთ, ყველაზე კარგი საშუალება დანახარჯების ჩაწერაა. დეტალურად დააფიქსირეთ, რამდენი გადაიხადეთ თითოეულ ჭიქა ყავაში, ტრანსპორტში, თუ სადილში. ხარჯების აღწერაში მობაილ ბანკინგის მონაცემებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მთავარია მონაცემები იყოს ზუსტი, რათა კარგად გაიგოთ, სად “გეპარებათ” ხარჯები, ასევე კარგად დაინახავთ, თუ რა თანხის დაზოგვის საშუალება გაქვთ.

#3 დაგეგმეთ ბიუჯეტი

როცა დაადგენთ თქვენს ხარჯებს, უკვე ყოველთვიური ბიუჯეტის დაგეგმაც შეგეძლებათ. ბიუჯეტი უნდა შედგებოდეს შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილისგან. გახსოვთ ოთარაანთ ქვრივი ფულს როგორ ანაწილებდა? მართალია, ხუთ ქისაში ფულის გადადება უკვე ძველმოდური ხერხია, მაგრამ შემოსულ თანხას თუ კონკრეტულ დანიშნულებას მისცემთ, ხარჯებსაც უფრო ეფექტურად გააკონტროლებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ დანაზოგისთვის და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის სხვადასხვა “ქისისები” დაგჭირდებათ. კარგი იქნება, თანხას წინასწარვე თუ გადადებთ, ან ხელფასის მიღებისთანავე ავტომატურად გადარიცხავთ ანაბარზე. ნუ შეინახავთ თანხას ჯიბეში, ან იმ ბარათის ანგარიშზე, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაზოგი თვალსა და ხელს შუა შემოგეხარჯებათ.

#4 შეამცირეთ ხარჯები

ხარჯების შემცირება ფულის დაზოგვის ყველაზე მარტივი და ლოგიკური რჩევაა. რაც ნაკლებს დახარჯავ, მით მეტი დაგრჩება. მაგრამ იმის გარკვევა, თუ რის ხარჯზე შევამციროთ დანახარჯები, ძალიან რთული საქმეა. ამ დროს, პირველ რიგში უნდა გამორიცხოთ ის მუდმივი ხარჯები, რომლებიც შეიძლება არც არაფერში გჭირდებოდეთ. მაგალითად, კარგად შეამოწმეთ მობილურის პაკეტები, შესაძლოა რაიმე უსარგებლო სერვისი გქონდეთ გააქტიურებული და ყოველთვიურად ფული გეჭრებოდეთ. ასევე შეამოწმეთ ტელევიზიის და ინტერნეტის პაკეტები, იქნებ საერთოდ არ უყურებთ იმ არხებს, რომლებიც ყოველთვიურად 10 ან 20 ლარით მეტი გიჯდებათ. ყურადღება გაამახვილეთ ტრანსპორტსა და კომუნალურებზე, ტაქსის აპლიკაციის ეკონომიურმა შემოთავაზებამ თვეში შეიძლება 20 ან 50 ლარი დაგაზოგინოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი, გაცილებით მეტის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ.

#5 დამატებითი შემოსავალი დანაზოგისთვისაა

დროდადრო შეიძლება დამატებითი შემოსავალი მიიღოთ, ან ხარჯების ნაწილი უნებლიეთ შეგიმცირდეთ. კარგად დაფიქრდით, სანამ მიღებულ პრემიას, ან სახელფასო დანამატს დახარჯავთ, ნებისმიერი ასეთი შეღავათი დანაზოგის შევსების საუკეთესო შესაძლებლობაა და მიზნისკენ სვლაში ზურგის ქარივით დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია მოულოდნელად გამოთავისუფლებული ხარჯებიც. ფასდაკლებებით, ვაუჩერებითა და სხვა შეღავათებით გამოთავისუფლებული თანხა ყველაზე კარგად დანაზოგების "ქისაში" შეგენახებათ.

სხვა სტატიები სრული არქივი